(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ მთავარ ფაქტორად კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა მიიჩნევა

22 მარ '22

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ბიზნესი კვლავ საქმიანობის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებს.  

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 14-28 თებერვლის მონაკვეთში, შესაბამისად, კვლევა სრულად ვერ ასახავს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია, გლობალურ და მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე.

საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის 2022 წლის I კვარტლის კვლევის თანახმად, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხული ბიზნესის 62% საუბრობს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ბიზნესისთვის საქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. მესამე და მეოთხე ადგილზე კი სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა იკვეთება. აღსანიშნავია, რომ როგორც სპეციალისტების, ასევე, ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა კვარტლიდან-კვარტლამდე მწვავდება გასული წლის დასაწყისიდან მოყოლებული.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვარტალში, 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა კომპანიების წილი, რომლებიც მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელ ფაქტორად. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე ორი კვარტლის განმავლობაში ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის აღარ სახელდება ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხი. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც შედარებით დეტალური ანალიზის საშუალებას იძლევა.

შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა მთავარი და თანაბრად მნიშვნელოვანი პრობლემაა ყველა სექტორისთვის. თუმცა, აღნიშნული ფაქტორი, ისევე როგორც, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მწვავედ მშენებლობის სექტორის კომპანიების 71%-ის მიერ სახელდება.

სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემას თითქმის თანაბრად ასახელებს ყველა სექტორი. ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობას ყველაზე მეტად, ვაჭრობის სექტორი განიცდის. რაც შეეხება მოთხოვნის სიმცირეს, აღნიშნულ პრობლემას მრეწველობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 45% აფიქსირებს.

 

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.