(+995 32) 2 202-215

სიახლეები

NEXIA TA-მ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მეწარმეთა შესახებ ახალი კანონმდებლობა წევრ კომპანიებს გააცნეს

1 ივნ '22

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იურიდიული, ფინანსური და საგადასახადო ასპექტები, NEXIA TA-მ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად, წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის გამართულ კონფერენციაზე განიხილა.

კონფერენციის მსვლელობისას იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შედეგად გამოიკვეთა და, ძირითადად, ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაციის ან საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობას უკავშირდება. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი 40-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პრაქტიკის შესაბამისად წარმოედგინათ იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდება შენიშვნების საბოლოო დოკუმენტი და განსახილველად წარედგინება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„მივესალმებით NEXIA TA-ს ინიციატივას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან წარმართოს აქტიური დიალოგი  „მეწარმეთა შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი არის ერთ-ერთი საკვანძო კანონი, რომლის გააზრება და ახალი სტანდარტების პრაქტიკაში სწორად იმპლემენტაცია უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო გარემოსა და, ზოგადად, ბიზნეს სექტორისთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ მსგავს ღონისძიებებზე ნათლად ჩნდება ის პრობლემები, რომელიც ახალი და უკვე მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზაციას უკავშირდება, შესაბამისად, რეალური პრაქტიკიდან წამოსული შენიშვნები უნდა გახდეს კანონმდებლობის შემდგომი ადაპტირების საფუძველი“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.