(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინური ტრენინგების მეორე ფაზა დაიწყო

16 სექ '22

მიმდინარე კვირიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინური, ტრენერების პროფესიული ტრენინგების (TOT) მეორე, პირისპირ სწავლების ფაზა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში ფინური პროფესიული ტრენინგის  განხორციელების პირველი პრეცედენტი.

ფინური პროფესიული ტრენინგები, რომელსაც ბიზნეს ასოციაცია ფინურ ორგანიზაცია OMNIA Education Partners-თან თანამშრომლობით ახორციელებს, ორი მიმართულებით ტარდება: „მეწარმეობა: ბიზნესის ანალიზი და განვითარება“ და „პროდუქტის განვითარება: ინოვაციების ხელშეწყობა კომპანიაში“. 

საწყის ეტაპზე მონაწილეები ონლაინ სასწავლო ვებ-გვერდის მეშვეობით თვითსწავლების ეტაპს გადიოდნენ, ხოლო მიმდინარე კვირიდან მეორე, პირისპირ სწავლების ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ცოდნას უშუალოდ ფინელი ექსპერტები  უზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილეობას ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები იღებენ, რომლებიც კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფინურ სერტიფიკატებს მიიღებენ, ხოლო შეძენილ ცოდნას კოლეგებს გაუზიარებენ და საკუთარ კომპანიებში დანერგავენ.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა OMNIA Education Partners-თან წარმატებით მიმდინარეობს. ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც ფინური მხარე გვთავაზობს მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს, კერძოდ, მეწარმეობასა და პროდუქტის განვითარებას. ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი კოლეგა ფინელები გვიზიარებენ ამ გამოცდილებას და გვეხმარებიან ზემოხსენებული მიმართულებებით ტრენერთა ბაზის შექმნასა და განვითარებაში“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტრენინგი USAID პროგრამის, „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.