(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„2022 წელი გამორჩეული იყო ბიზნესისთვის, შესაბამისია ბიზნესის განწყობაც“ - BAG-ის პრეზიდენტის პროგნოზები

31 დეკ '22

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის შეფასებით, 2022 წელი ბიზნესისთვის მართლაც რომ გამორჩეული იყო. „BAG, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია საქართველოში, ასეულობით კომპანიას აერთიანებს, ჩვენ მოვიცავთ ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორს და შესაბამისად საკმაოდ კარგად ვგრძნობთ ბიზნესისა და ეკონომიკის მაჯისცემას. ბიზნესი აშკარად პოზიტიურად აფასებს 2022 წელს და ეს მისასალმებელია.

ბიზნესმენის პროგნოზით, სავარაუდოა, რომ შემდეგ წელს ეკონომიკა იმ ტემპით ვერ გაიზარდოს, როგორც 2022-ში, მაგრამ მისი შეფასებით „2023 წელიც ძალიან კარგი იქნება“.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა 2022 წელს მიღწეული შედეგებით კმაყოფილია. ბიზნესი აგრძელებს განვითარებას, მოლოდინები და განწყობები კი დადებითი და პოზიტიურია. ზოგადად, ისევე როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესშიც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორი განწყობით იწყებ ახალ წელს. ბიზნესი არ კეთდება მხოლოდ ბიზნეს თუ ფინანსურ გეგმებზე დაყრდნობით. როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ბიზნესგეგმა, ინვესტიციას არ გააკეთებ, თუ არ გჯერა, რომ ინვესტიცია გაამართლებს თავის თავს - ბიზნეს გადაწყვეტილებები, უმეტეს შემთხვევებში, პოზიტიური განწყობებისა და დადებითი მოლოდინების ბაზაზე მიიღება“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

ბიზნესმენის შეფასებით, მთავარ გამოწვევად 2023 წელს ინფლაცია რჩება, მაგრამ მისი მოლოდინით, ინფლაციის დონე 2023 წლიდან განაგრძობს კლებას. ამასთან, სოსო ფხაკაძემ ისიც აღნიშნა, რომ ფასების დონის ზრდა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არა არის და ინფლაცია კვლავ გლობალურ გამოწვევად რჩება. 

„მომავალი წლიდან ინფლაციის შემცირებას უნდა ველოდოთ. შედეგად, ვფიქრობ, რომ მეორე კვარტლიდან რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს თუ შეიქმნება ამისათვის საჭირო ფონი. ასევე, უკვე ვხედავთ, რომ ინფლაცია ითოკება. ვფიქრობ, არ სჭირდება ახსნა იმას, თუ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ინფლაციის დაბალი დონე. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობითი შემცირება გარკვეულ ნიველირებას გაუკეთებს იმ მოლოდინებს, რაც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით არსებობს. მოგეხსენებათ, შემდეგ წელს, შეიძლება, ეკონომიკა ისეთი მაღალი ტემპით არ გაიზარდოს, როგორც 2022-ში. ამდენად,  რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსის გაიაფებას, რაც ბიზნესს დაეხმარება შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობისა და ბიზნესის განვითარების ის ტემპი, რაც 2022 წელს აიღო. გვინდა, ყველას კარგად ესმოდეს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების აუცილებლობა, მათ შორის, პირველ რიგში, ხელისუფლებას“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ 2023 წლიდან ძალაში შედის რამდენიმე ახალი რეგულაცია, რომელთა დეტალურ განხილვასაც BAG მთავრობასთან გეგმავს.

„ჩვენ ყოველთვის ერთ რამეს ვპირდებით მთავრობასა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ არ მივალთ მათთან მოუმზადებელი, არაარგუმენტირებული პოზიციით და თუ რაიმე საკითხის ირგვლივ მოვითხოვთ დისკუსიას, რაც, თავის მხრივ, ძალიან ხშირად ხდება, ჩვენი ხედვა და პოზიცია, აუცილებლად იქნება მაღალპროფესიონალურად დამუშავებული, გაანალიზებული და აკადემიურთან ერთად პრაქტიკული ცოდნითა და გამოცდილებით გამყარებული“, - აღნიშნა BAG-ის პრეზიდენტმა. 

და ბოლოს, ორიოდე სიტყვით ჩვენს ბიზნესს ჯგუფზე: სამი ათეული წელია ბიზნესს ვაკეთებთ, ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით და ამ გზით ვივლით მომავალშიც. სასიხარულია, რომ როგორც სხვა კომპანიებში, ვისოლ ჯუფშიც 2022 წელი გამორჩეული იყო განხროციელებული ინვესტიციებით, მიღწეული ფინანსური შედეგებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითა თუ სხვა პარამეტრებით“, - თქვა სოსო ფხაკაძემ BMG-ის წლის შეჯამებისას.