საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25 მარ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის მხრიდან ანტიკორუფციული გარემოს მხარდაჭერასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
მემორანდუმის მიზანია კერძო სექტორში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა, ისევე როგორც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში კორუფციული რისკების შეფასება და მართვის სისტემის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას.
„მზად ვართ, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციული რისკების შეფასებისა და ეფექტიანი მართვის მექანიზმების განვითარებასა და დანერგვის საქმეში. შესაბამისად, ვაპირებთ, კოორდინირებულ თანამშრომლობას, კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და არსებული პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, რაც ჩვენთვის, როგორც უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან კორუფციული გარემოს შემდგომი გაუმჯობესება პირდაპირპროპორციულ კავშირშია საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებასთან“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.