(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

19 თებ '16

2016 წლის 19 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის წევრთა შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ბატონ გიორგი თაბუაშვილთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა ხუციშვილთან, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, ბატონ მამუკა ბარათაშვილთან, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროს, ბატონ ნიკოლოზ გაგუასა და ბიზნესომბუდსმენის მოადგილესთან, ბატონ ზურაბ ძნელაშვილთან.  შეხვედრას ხელმძღვანელობდა კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.
კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. "ესტონურ მოდელს" ეფუძნება. როგორც შეხვედრაზე  აღინიშნა, მოგების გადასახადის ე.წ "ესტონური მოდელის" დანერგვა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას. დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, დადებით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი.
ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.
შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, რომ დაესვათ მათთვის მნიშვნელობანი შეკითხვები აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით.