(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერაზე და შეღავათების გაგრძელებაზე – "ეს შვებაა ბიზნესისთვის"

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ საშემოსავლო გადასახადების კუთხით დაწესებულ შეღავათებზე ისაუბრა.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაახლოებით თვენახევრის წინ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას გაგრძელებულიყო ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის კუთხით იყო დაწესებული მიმდინარე წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო.“

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, იმ სექტორს, რომელიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, კერძოდ, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, სადაც შედის ნებისმიერი ტიპის სასტუმრო, რესტორნები, ტურისტული კომპანიები, ტურ-ოპერატორები და სხვა, 4 თვის განმავლობაში დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა ამა წლის დეკემბერში უწევდათ.

მისი თქმითვე, ყველას გვესმის, რომ ამ სექტორს წელს პრაქტიკულად არ უმუშავია და აბსოლუტურად კრიტიკული იყო, რომ ამ სექტორისთვის სრულად ჩამოეწერათ ეს დაგროვილი ვალდებულება.

"მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოქმედი შეღავათების გაგრძელება, კერძოდ: 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში ნებისმიერი ბიზნესი საქართველოში მთლიანად განთავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სარგებლობდა ნაწილობრივი შეღავათით.

ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, ანუ ზემოხსენებული ინდუსტრიისთვის დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა და უკლებლივ ყველა ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის კუთხით შეღავათების კიდევ 6 თვით გაგრძელება იყო უაღრესად აქტუალური. ჩვენ ამაზე მუდმივად გვქონდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან და საჯარო სივრცეშიც ამ თემატიკაზე აქტიურად ვსაუბრობდით. მისასალმებელია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ასეულობით მილიონ ლარს და მნიშვნელოვანი შვებაა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბიზნესისთვის. ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვდნენ ჩვენგან უკუკავშირს ამ შეღავათების გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და, რასაკვირველია, ძალიან კარგია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია “ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბმული