(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

27 ნოემ '15

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, გიორგი გახარიასთან, ბიზნესომბუდსმენის მოადილესთან, ზურაბ ძნელაშვილთან და ეკონომიკური საბჭოს აპარატთან.
შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება, შრომის ინსპექციის საკითხი, ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის ფასის მატება, დემპინგის საწინააღმდეგო კანონპროექტი და ა.შ. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა ბევრი საკითხი, მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, “ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის იყოს პროგნოზირებადი გარემო. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა იქნება 2016-ში, 2017-ში, 2018 წლებში. ჩვენ მოვისმინეთ ბიზნესომბუდსმენის მოსაზრება, რომ თამბაქოსთან მიმართებაში ეს გაკეთებულია და ძალიან კარგი იქნება, თუ ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაშიც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სიურპრიზებს ჩვენ არ მივიღებთ. ბიზნესი ერთი თვით, ან ერთი კვირით ადრე არ უნდა იგებდეს, რომ რაღაც ცვლილებები ხდება".
გიორგი გახარიამ შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და   ბიზნესმენებს გულწრფელი და ღია საუბრისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ბიზნესის სექტორთან შეხვედრა რეგულარულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, აშკარად იგრძნობა, რომ ნდობის ხარისხი უკვე საკმაოდ მაღალია და ასეთ ჭრილში გაგრძელდება მუშაობა.
რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონპროექტს, როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტი. "იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ანტიდემპინგური კანონმდებლობის დანერგვა საკმაოდ რთული პროცედურაა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამაზე ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის საპარლამენტო ინიციატივა. რა წერია ამ კანონპროექტში, ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ბიზნესი იქნება სრულად ჩართული ამ კანონმდებლობაზე მუშაობაში, იქნება გარანტირებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.