(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორთან

18 იან '16

მიმდინარე წლის 18 იანვარს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება: 1. სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; 2. ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა; 3. რეგიონების განვითარება; 4. საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს.
„მინდა, ყველა თქვენგანი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - მიმართა პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.
სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულება თავის თავში 5 ძირითად რეფორმას მოიცავს:
• საქართველოში დაინერგება საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელი, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს;
• იგეგმება - საგადასახადო-ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის მაქსიმალური რეგლამენტირება, რათა თითოეული შემოწმება დროში იყოს შემოფარგლული;
• პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა მუშაობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე, რათა, ეკონომიკური დანაშაულისას, თავიდან იყოს აცილებული წინასწარი პატიმრობები;
• განხორციელდება ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია;
• დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები.
მთავრობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება. „ეს იქნება საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი ლოკომოტივი. ეს ასევე ითვალისწინებს მთელი მთავრობისთვის ერთიანი ე.წ Front ოფისის შექმნას და გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას", - განაცხადა პრემიერმა და განმარტა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულების მონიტორინგს განახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები, თუმცა, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალობის და ჩართულობის კონტროლს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. პრემიერ-მინისტრი მაქსიმალური აქცენტის გაკეთებას გეგმავს რეგიონების განვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმის მესამე ბლოკი რეგიონების განვითარებას გულისხმობს, რომელიც მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს. "ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტატეზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, სერიოზული რეფორმებია განსახორციელებელი საგანმანათლებლო სისტემაში.უპირველეს ყოვლისა, საუბარია სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდასა და უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული მოთხოვნების დინამიურ კვლევას დაეფუძნება.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, - "მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა დღეს პრემერმა, მათ შორის, საგადასახადო დეკრიმინალიზაციის საკითხზე, მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. შევეხეთ ინვესტიციების თემას, განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობას. პრემიერი დაგვპირდა, რომ ყოველ ეტაპზე ბიზნესთან ექნება აქტიური კომუნიკაცია, რაც ძალიან მისასალმებელია. ის რეფორმები და ინიციატივები, რაც გაჟღერებული იყო, ჩვენგან სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის თვისობრივად ახალი ხარისხი ეკონომიკური ზრდის კუთხით გაცილებით მაღალი შედეგის მომტანი იქნება".