საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან
20 მაის '16
მიმდინარე წლის 20 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, გიორგი გახარიასთან.
შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხი ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი იყო, რომლის მიმართაც ბიზნესს შენიშვნები აქვს, რადგან ევროკავშირის სათანადო დირექტივასთან შეუსაბამობის გამო, ეს ახალი რეგულაცია ბიზნესს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხარჯებს გაუზრდის, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელზეც აისახება.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ შეხვედრაზე განაცხადა, ანალოგიური პოზიცია აქვს ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც და “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის იმ ფორმით მიღებას, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, არ ეთანხმება. გახარიას განმარტებით, ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ დასამუშავებელია, რადგან მისი მიღებისთვის ქართული ეკონომიკა მზად არ არის, თუმცა მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
”ამ კანონმდებლობაზე მუშაობა ახლახანს არ დაწყებულა. ჩვენ წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით, როგორც წერილობით, ასევე საკომიტეტო სხდომებზე, ჩვენს პოზიციას. პოზიციები ნაწილობრივ შეჯერდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის მაღალი სტანდარტები, რომლებიც აღებულია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან, საქართველოსთვის შეუსაბამოა. არც ბიზნესი, არც მომხმარებელი და არც ქართული ეკონომიკა ამისთვის მზად არ არის. რა თქმა უნდა, მომხმარებელთა უფლებები დაცული უნდა იყოს. ჩვენ, დღეს არსებულ კანონმდებლობაში, ეს მექანიზმები გვაქვს, რომლებიც გაბნეულია. მათი ერთი კანონის ქვეშ შეკრების იდეა კი ლეგიტიმურია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, აღნიშნულ კანონპროექტზე საუბრისას პარლამენტს მოუწოდა, რომ უფრო მეტად მოუსმინოს ბიზნესს.
„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავრობა და ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. გვინდა, მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ პარლამენტს - მეტად მოუსმინონ ბიზნესს, მომხმარებელს და იყოს მსჯელობა ამ თემებზე, არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც პირდაპირ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეტად მოგვისმინონ ჩვენც და სხვებსაც და გაიგონ, თუ რას გამოიწვევს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
გარდა აღნიშნულისა, შეხვედრაზე ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბიზნესომბუდსმენთან მათთვის საინტერესო, სხვა საკითხები მოესმინათ და მიეღოთ ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.