(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

16 თებ '16

მიმდინარე წლის 16 თებერვალს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ბატონ გიორგი გახარიასთან ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა  გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს წარუდგინა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზე მუშაობის დაწყებას გეგმავს საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივების გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში მთავრობა რეალურ ქმედებებზე გადავიდა და პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას - მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. „ჩვენ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ანუ ბიზნესში ჩაბრუნებული მოგება არ დაიბეგრება და მოხმარდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზებას. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გარშემო არ არის ისეთი დინამიური ეკონომიკური განვითარება, ეს ცვლილება დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტთა პაკეტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდში ანგარიშები აღარ დაყადაღდება და ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი; ძირითადი საშუალებების იმპორტირებისას დღგ-ს გადახდა სავალდებულო აღარ იქნება; ასევე, საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დააყენეს ის საკითხები, რომლებიც დღესდღეისობით დგას ბიზნესსექტორის წინაშე და რომელთა გადაწყვეტაც ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობის მქონეა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონი გიორგი ჭირაქაძის განცხადებით არსებითია ის, რომ ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული იმ საკითხების განხორციელებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა და გამოთქვა იმედი, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა,  "გვინდა გავიგოთ პრემიერ-მინისტრის მოსაზრება ძალიან ბევრ თემასა და საკითხზე, რომელზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი და რევოლუციური ინიციატივები წარმოადგინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი თემა ეს არის მოგების გადასახადის რეფორმის საკითხი, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხებზე, რისკებზე, გამოწვევებზე ვისაუბროთ პრემიერ-მინისტრთან, რაც მნიშვნელოვანი თემების იმპლემენტაციას უკავშირდება".
პრემიერ-მინისტრთან ბიზნესისათვის საჭირბოროტო თემებზე მსჯელობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი, რომელთა გარშემოც უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთათვის კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.