(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან

17 სექ '15

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ქეთევან ბოჭორიშვილთან, და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან.
შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა ლარის გაცვლითი კურსი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა  და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს მისი უწყების ხედვები და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სახელმწიფო ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის და ა.შ. არსებული მდგომარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გასულ კვირას ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე. "ჩემთვის დიდი პატივია ამ რანგში ბიზნესმენებთან შეხვედრა. მუდმივი შეხვედრები მქონდა ბიზნესმენებთან სხვადასხვა პოზიციებზე და ვთვლი, რომ ეს არის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. მხოლოდ გახსნილობა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია იძლევა შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ეკონომიკის ზრდა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეეცდება, ყველაზე წარმოსაჩენი უწყება იყოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ლარის გაცლით კურსზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ  შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის და ხელისუფლების, ამ შემთხვევაში მთავრობის ერთობლივ მუშაობას, იმისათვის, რომ საზოგადოება და ბიზნესი დააწყნარონ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძე, ასევე ისაუბრა ლარის კურსთან დაკავშირებით - „ლარის კურსი მოქმედებს აბსოლუტურად ყველაზე – როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ ბიზნესი კეთდება მომავალზე გათვლით და რასაკვირველია, თუ გაქვს პოზიტიური მოლოდინები, უფრო მეტი და მეტი ინვესტიციები ხორციელდება ბიზნესსა და ეკონომიკაში. თუმცა, დღევანდელი ვითარება არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ იმისგან, რაც ხდება რეგიონში – რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, თითქმის ყველა ქვეყანა პრობლემის წინაშეა. ამ დროს, ჩემი აზრით, სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გამყარება",