(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა

30 ოქტ '15

29 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის შექმნილი ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდის მინისტრები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას სხდომაზე წარმოადგენდა მისი პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე.

ინვესტორთა საბჭოს პირველ სხდომაზე მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ბიზნესგარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება და დიალოგი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.  ეს საკითხები სხდომაზე წარდგენამდე სამუშაო შეხვედრებზე შეჯერდა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.


„საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს იმართება პირველი სხდომა. EBRD-ის დახმარებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ინვესტორთა საბჭო, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. საბჭო დაეხმარება მთავრობას, ინვესტორებს, ბიზნესმენებს არასამთავრობო სექტორს მოსაზრებების გაცვლაში, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვართ ღია მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ კიდევ უფრო ხელსაყრელი გავხადოთ საქართველოში ბიზნესგარემო,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სხდომის დასაწყისში.