საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან
27 მაის '15
მიმდინარე წლის 27 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, გიორგი გახარიასთან და ბიზნესომბუდსმენის მოადილესთან, ზურაბ ძნელაშვილთან.
შეხვედრა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა მოგების გადასახადის გაუქმება, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
როგორც ბიზნეს ომბუდსმენმა აღნიშნა მისთვის ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოისმინოს ბიზნესის არგუმენტები, რათა უკვე შემდგომში ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია.“ არ არის სწორი თვითონ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების და პირველ რიგში ეროვნული ვალუტის კურსის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირება. ეს არ არის სწორი, ეს ვნებს როგორც ეკონომიკას, ასევე ბიზნესს", - განაცხადა გახარიამ.
კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციებმა პოზიცია უკვე დააფიქსირეს და ეს იყო არა მარტო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, არამედ მთლიანად ქართული მსხვილი ბიზნესგაერთიანებების პოზიცია. როგორც გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა საქართველოს საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის გარანტი. საერთაშორისო ინვესტორების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის სწორად საბანკო სექტორზე. „საქართველოს ბანკის“ და „თი-ბი-სი ბანკის“ აქციებით ვაჭრობა ხდება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. ნებისმიერი განცხადება და კრიტიკა კი იწვევს ინვესტორების მოტივაციის შეცვლას და ქვეყნიდან გადინებას.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, სჯობს, დრო დაიხარჯოს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, ვიდრე ისეთ კანონებზე, რომელიც "რეალურად უკან გადაგმულია ნაბიჯია". "ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა რამდენჯერმე დააფიქსირა და ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგების გადასახადი გაუქმდეს. ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს დააჩქარონ ამ კანონზე მუშაობა, ეს ძალიან სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. დღეს არის დრო, როდესაც უნდა მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ახალი ინვესტიციები უფრო მეტად წამოვიდეს, ინვესტორებს სურვილი გაუჩნდეთ, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიციები განახორციელონ", - განაცხადა ჭირაქაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზინდენტმა, ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაფრთხნენ ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. „პოლიტიკური ბატალიების გამო, ჩვენი ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ,“ - განაცხადა პაპაშვილმა.