საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა სოლიდარობის ფონდთან
28 აპრ '15
მიმდინარე წლის 28 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მარიამ ჯაშთან და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილესთან, ნინო კობახიძესთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოლიდარობის ფონდისა და ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს. ასევე, მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე გააკეთა მოხსენება სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე მისი დაფუძნებიდან დღემდე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ ასოციაცია აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს სოლიდარობის ფონდთან. "მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების კუთხით საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. როგორც იცით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები აქტიურად ვმუშაობთ ქველმოქმედების მიმართულებით. ჩვენი ასოციაციის წევრი ორგანიზაციები, მათ შორის ბანკები, აქტიურად თანამშრომლობენ სოლიდარობის ფონდთან. დღეს ჩვენ მოვისმენთ სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელებისგან მათ იდეებს, როგორ წარმოუდგენიათ ჩვენთან ერთად, ბიზნესთან ერთად მუშაობა. ბიზნესი აქტიურად იქნება ჩართული, ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ღონისძიების ჩატარებას სოლიდარობის ფონდის დახმარებისთვის. ჩვენი აზრით, იქნება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა ასოციაციასა და სოლიდარობის ფონდს შორის".
როგორც სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა, განაცხადა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. „ასოციაციამ გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი რესურსების მობილიზაციას, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დღევანდელ შეხვედრაზე გავაცნობთ მობილიზებული თანხების, რესურსების, დაფინანსების წყაროებისა და შესაძლო თანამშრომლობის იმ მიმართულებებს, რომლებიც უახლოეს პერიოდში იმედია, რომ გააქტიურდება".