USAID-ი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ითანამშრომლებენ
2 ნოემ '23
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა. პროექტს „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“, რომლის დაწყების ოფიციალური ცერემონია სტეფანწმინდაში გაიმართა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, ამასთან სახელმწიფოს მხრიდან პროექტის იმპლემენტაციაში რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული.
შესაბამისად, ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა როგორც თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის, ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასა (GREDA) და პროექტში მონაწილე პარტნიორ ჰესებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
პროექტში მონაწილე მხარეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროფესიული სწავლებისა და ამ პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს და პირდაპირ კავშირშია კვალიფიციური კადრების მწვავე პრობლემის გადაჭრასთან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პირველ ნაწილს დარიალი ჰესმა გაუწია მასპინძლობა, შესაბამისად პროექტის მონაწილეებს ჰესის უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობის, გვირაბებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიების გახსნის ცერემონიას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი და პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.
„განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების ინიციატივა“ ორი სასწავლო პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ითვალისწინებს, რომელთა შორისაა ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელ სასწავლო ტრენინგ პროგრამა და მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის კურსი. პროექტის დასრულების შემდეგ, 33 კვალიფიციური ტრენერი შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით , ხოლო პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე 250 მსურველი გადამზადდება საქართველოს 8 რეგიონში. საერთო ჯამში, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, პროგრამა აჩენს 1300 მდე მსურველის გადამზადების შესაძლებლობას, რაც უპასუხებს ამ ტიპის კვალიფიციური კადრების პრობლემასთან დაკავშირებულ გამოწვევას.
„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო USAID-ს ჩვენი ქვეყნისა და სექტორის მუდმივი მხარდაჭერისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და პროექტში ჩართულ ყველა პარტნიორს. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ამ პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რადგან ენერგეტიკის სექტორში კადრების დეფიციტი დღითიდღე უფრო მწვავდება, მაშინ როდესაც მწვანე ენერგეტიკა მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება და მიმდინარე მოვლენების ფონზე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მე დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელების შედეგად გადამზადებული ახალგაზრდები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაში,“ - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.
„მოხარულნი ვართ, რომ ოფიციალურად მოეწერა ხელი საგრანტო შეთანხმებას და დღეს ვიწყებთ პროექტის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, პროექტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისითაც, რომლის სიმცირე საქართველოს რეგიონებში ნამდვილად იგრძნობა. მადლობას ვუხდით USAID-ს ენერგეტიკული სექტორის და ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორ ასოციაცია GREDA-ს და პროფესიული უნარების სააგენტოს. ვიმედოვნებთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ენერგეტიკის სექტორში საკადრო პრობლემები აღარ იყოს სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.