(+995 32) 2 202-215

სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით DCFTA-ს საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში მრგვალი მაგიდა გაიმართა

27 სექ '16

27 სექტემბერს  მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია,  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებსა და მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს.

მრგვალი მაგიდის ფორმატის დიალოგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საჯარო დიალოგი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის პროცესში, რათა მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.მისივე თქმით, შექმნილია ინვესტორთა საბჭო, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განიხილება კანონმდებლობასა და რეგულაციებში დაგეგმილი ყველა ცვლილება. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა დავით კოღუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის და ეხება DCFTA-ს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. 

„აღნიშნული პროექტი არის ხელშეწყობა თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ფაზის შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მასში ჩართულია ბიზნესსექტორი. ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის. ეს ეხება DCFTA-ს გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომელიც დღის წესრიგში დგას ბიზნესსექტორის წინაშე. თემა უდავოდ პერსპექტიულია. ვინაიდან განვითარების უკვე მეორე ეტაპზე გადავედით. შესაბამისად, ამ კონტექსტში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავრობამ და ბიზნესმა ილაპარაკოს ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინ დახვდეს ბიზნესის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულების სახით აქვს აღებული.