(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შესახებ პრემიერ-მინისტრს მიმართავს

21 მარ '16

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ,  მოგების გადასახადის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ეს გახლავთ რევოლუციური ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც  ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენს მისცემს დამატებით მოტივაციას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად.
ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება  თუ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს;  საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ბიზნესს, აუცილებლად დასჭირდებათ გარკვეული დრო ცვლილებებთან ადაპტაციისათვის.
იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ჯერ კიდევ არ დაუწყია საკანონმდებლო ორგანოს, ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ამა წლის პირველი ივლისიდან ამოქმედება, გაზრდის ადმინისტრირების თანმხლებ რისკებს, მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური ხარვეზების დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას და შესაძლოა გამოიწვიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის იდეის ერთგვარი დისკრედიტაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.