(+995 32) 2 202-215

ბლოგი

სინათლე ჩვენს ფანჯრებში - ანუ საჭიროა თუ არა მსხვილი ჰესები

10.11.16 ნათია ბანცური ელექტროენერგეტიკა

ეკონომიკური ზრდა, ახალი საწარმოები, ახალი სამუშაო ადგილები - ეს ნამდვილად სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა,  მეტ ეკონომიკურ დოვლათს, სამუშაო ადგილს და შემოსავალს მეტი ენერგია სჭირდება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ენერგიის მოხმარებაც. მხოლოდ 2016 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა.

შესაძლოა, ეს არც ისე ბევრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გენერაციის ზრდის ტემპი მოხმარების ზრდის ტემპს ვერ ეწევა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში  ელექტროენერგიის მოხმარება 33%-ით, გამომუშავება კი 30%-ით გაიზარდა. გენერაციის ახალი სიმძლავრეების დამატების გარეშე, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო იმპორტზე დიდწილად დამოკიდებული ქვეყანა გახდება. ეს კი ეკონომიკურ რისკებს და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უკავშირდება. კერძოდ:

  • იმპორტში ვიხდით უცხოურ ვალუტას (ძირითადად აშშ დოლარს),  რაც ნიშნავს ვალუტის გადინებას. ამასთანავე, ყოველთვის არსებობს გაცვლითი კურსის ცვლილების რისკი.
  • ასევე, მუდამ არსებობს იმის ალბათობა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანას უბრალოდ არ ექნება საექსპორტო ელექტროენერგია საკუთარი მოხმარების ზრდის გამო ან სხვა   მიზეზით და, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება ჩვენთან არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
  • დიდი მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი ტექნიკურად ვერ მოხერხდება1, რადგან, ჩვენი სისტემის გამტარიანობა შეზღუდულია.

სწორედ ქვეყნის შიდა გენერაციის მოცულობის ზრდა აგვაცილებს თავიდან იმპორტის მატებას და პოზიტიურად იმოქმედებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე. სადავო კი ის არის, თუ  რა გზით უნდა გავზარდოთ ელექტროენერგიის გამომუშავება -  ელექტროენერგიის გენერაციისათვის გამოსადეგი რომელი რესურსის პოტენციალი უნდა ავითვისოთ?

ალტერნატიული ენერგია მსხვილი ჰესების ნაცვლად?

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხშირად იშველიებენ სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითებს და მიუთითებენ ენერგიის ალტერნატიული, ე.წ. მწვანე წყაროების გამოყენებაზე. საქართველოში როგორც მზის, ასევე ქარის ენერგიის დიდი პოტენციალია, თუმცა ეს არასაკმარისია იმისათვის,  რომ ენერგიის ეს ორი განახლებადი წყარო ენერგოსისტემის საყრდენი გახდეს. ისინი ვერ ჩაანაცვლებენ ელექტრენერგიის საბაზისო წყაროებს, თუმცა შეიძლება გენერაციის დამატებით საშუალებად გამოვიყენოთ. მზის ენერგიის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დღის ნათელ პერიოდში. ღამით და, ასევე, ღრუბლიან ამინდში მზის ენერგიის გამომუშავება ვერ ხერხდება.  ანალოგიურად, არასტაბილური და ნაკლებად პროგნოზირებადი ხასიათისაა ქარის ენერგია. ამ მიზეზით ალტერნატიული ენერგია ვერ უზრუნველყოფს მიწოდების სტაბილურობას და ვერ პასუხობს მოთხოვნის ცვლილებებს. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მზის, ასევე ქარის ელექტროსადგურები თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება ან/და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს.  სრულად განსხვავებულია ჰიდროსადგურების რესურსი: სისტემის მოთხოვნის შესაბამისად მათი ჩართვა-გამორთვა გაცილებით იოლია. სწორედ მარეგულირებელი ჰესები ახერხებენ პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებას და საჭიროების მიხედვით გამომუშავების დარეგულირებას.

მსხვილი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია ეკოლოგიურ ცვლილებებთან. ამიტომ ეს საკითხი დიდ სიფრთხილეს და ღრმა ანალიზს მოითხოვს, რადგან სასწორის ერთ მხარეს ენერგოუსაფრთხოება, ხოლო მეორე მხარეს გარემოს დაცვისა და ბიოსფეროს შენარჩუნების საკითხი დევს. თუმცა, ამ ეტაპზე, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობრივი შეხედულებებისა, ხუდონის, ნენსკრასა და ნამახვანის (დიდი ზომის) ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და მზარდი მოთხოვნის სტაბილურად დაკმაყოფილებისთვის.

 

ასევე, იხ. კვლევა „ელექტროენერგიის სექტორის მიმოხილვა“



1 საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია 2016-2025.  გვ 31.

 

სინათლე ჩვენს ფანჯრებში - ანუ საჭიროა თუ არა მსხვილი ჰესები