(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე - „ წყალტუბოში მსგავსი ინვესტიცია შეიძლება გახდეს მთლიანად რეგიონში სამკურნალო ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბების წინაპირობა“

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვა არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა განვითარდეს.როგორც ფხაკაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა,  ინვესტიციების განხორციელება რეგიონებში კიდევ უფრო მეტადაა საჭირო.

რაც შეეხება უშუალოდ წყალტუბოს, ფხაკაძის თქმით, ძალიან რთულია, მოძებნო ინვესტორი, რომელიც მაღალრისკიან პროექტში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს.

„როგორც წესი, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინვესტიციას, რამეთუ ინვესტიციები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. ინვესტიციები საჭიროა როგორც თბილისში, ასევე და კიდევ უფრო მეტად რეგიონებში. რაც შეეხება საკუთრივ წყალტუბოს, ძალიან რთულია მოძებნო ინვესტორი, რომელიც მზად იქნებოდა სოლიდური ინვესტიციები ჩაედო მაღალრისკიან პროექტში. ჩვენ ვართ ბიზნესში და ვიცით, რასთანაა დაკავშირებული პირველი მოთამაშის შესვლა რთულ ბაზარზე, სადაც შესვლით მსხვილი ოპერატორები არ ინტერესდებოდნენ წლების მანძილზე.

ამ შემთხვევაში რისკს იღებ საკუთარ თავზე და გზას უხსნი სხვა ინვესტორებს, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ შემოდიან ბაზარზე. ლოგიკურია ვივარაუდოდ, რომ წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მსხვილი ინვესტიციების გაღება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული; წინაამღდეგ შემთხვევაში მსხვილ ინვესტიციებს აქამდე ჩადებდა კერძო სექტორი და დღეისათვის წყალტუბოს ტურისტული ინფრასტრუქტურა არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ის იმყოფება. ასევე, წყალტუბოში მსგავსი ინვესტიცია შეიძლება გახდეს მთლიანად რეგიონში სამკურნალო ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბების წინაპირობა, რომლის შანსი, წესით წყალტუბოს გააჩნია. სხვა პოზიტიურ ფაქტორებთან ერთად, ეს კურორტი ნაკლებად იქნება დამოკიდებული სეზონურ ფაქტორებზე.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრით, პირველ რიგში, მოიგებს ადგილობრივი მოსახლეობა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე მორალურადაც: სავარაუდოდ, თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმა და სწორად განვითარდა უნდა გაჩნდეს შანსი, რომ წყალტუბომ აღიდგინოს ძველი ღირსება და დაიბრუნოს ტურისტული მიმზიდველობა. ზოგადად, ქვეყანაში სასტუმროების ბიზნესისა და ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, ჩნდება პერსპექტივა, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და გაფართოვდნენ ტურიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების მიმწოდებელი კომპანიები, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“-აცხადებს ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.

 

ლინკი