(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშაობა

22 ივლ '14

22 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „არბიტრაჟის შესახებ" კანონში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო ბიზნეს საზოგადოებას. კანონპროექტის მომზადების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო გარემოს არსებობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ინიციატორი იყო წარმოდგენილი ცვლილებებისა. იუსტიციის სამინისტროში პროექტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ექსპერტები, ბიზნეს წრეების, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. შემუშავებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას, გახდის მას უფრო პოპულარულს, იაფს და მიმზიდველს ბიზნეს დავების გადასაჭრელად; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები; მცირდება სახელმწიფო ბაჟი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება „არბიტრაჟის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის ხარვეზის გამოსწორება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას. ცვლილებების შესაბამისად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა; არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო. კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.