დავების განმხილველი ცენტრი (DRC) – თანამედროვე სტანდარტების არბიტრაჟი
2014 წლის დასაწყისში საარბიტრაჟო ინსტიტუტი ,,დავების განმხილველი ცენტრი“–ს (DRC) პარტნიორი გახდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ამით განხორციელდა ერთი მხრივ, ქვეყნის ყველაზე მსხვილი და თავისი დარგის ლიდერი კომპანიების, ბიზნესმენების და მეორე მხრივ სათანადო რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების გაერთიანება ერთი საერთო იდეის – რეგიონში საერთაშორისო კომერციული დავების განხილვის ადგილად თბილისის დამკვიდრების შესახებ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია თუ ქვეყანაში ერთი მხრივ, იარსებებს კარგი საარბიტრაჟო კანონმდებლობა და არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი სასამართლო სისტემა და მეორე მხრივ, ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და DRC-ის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საარბიტრაჟო გარემო. ცვლილებები შევიდა როგორც ,,არბიტრაჟის შესახებ“ კანონში, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებში, გაიმართა რამდენიმე კონფერენცია ექსპერტების, პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეთა მონაწილეობით მნიშვნელოვან საკითხებზე ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად და მომავალშიც იგეგმება მსგავსი საინტერესო კონფერენციები. პარალელურად შეიქმნა DRC-ის საქმის წარმოების ახალი წესები, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
„დავების განმხილველი ცენტრი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რეპუტაციით. საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს 2013 წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის დაფუძნებაში, რომელმაც შეიმუშავა და მიიღო ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსი“.
DRC – „დავების განმხილველი ცენტრი“, არბიტრაჟისა და მედიაციის გზით ბიზნესს საკუთარ მომსახურებას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობაში დავების წარმოებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის განხილვის სისწრაფეს და დავის განხილვისა და გადაწყვეტის ფორმას. არბიტრაჟის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა სწორად დავის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვეტაა.
DRC ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელიც საარბიტრაჟო დავების ელექტრონულად აწარმოებს. დავის მხარეებს საშუალება აქვთ დისტანციურად აწარმოონ დავა, მათ შორის DRC–ის სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გაეცნონ საქმის მასალას, მიიღონ სიახლეები საქმესთან დაკავშირებით, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები და ა.შ. ბიზნესსუბიექტებისათვის, რომელთაც მრავალი ხელშეკრულების დადება უწევთ, ძალიან კომფორტულია ოფისიდან გაუსვლელად საარბიტრაჟო დავის ინიცირება და მასში მონაწილეობა.
DRC ბიზნესსუბიექტებს ურჩევს შესაძლო დავების პრევენციის მიზნით თავიანთ ხელშეკრულებებში გაითვალისწინონ საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განსახილველად გადაეცემა ,,დავების განმხილველ ცენტრს“. საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეებმა თავიდანვე იციან, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში ის გადაწყდება სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პროფესიონალი არბიტრების მიერ, რაც მათ უბიძგებთ ყველა ღონე იხმარონ დავის თავიდან ასაცილებლად.
ვებგვერდი: www.drc.ge
ტელ.: (+995 32) 2 207 327