(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება

6 ივნ '19

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის #162 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც მნიშვნელოვნად იცვლება იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადა, რაც თავის მხრივ  ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადა ამ ეტაპზე გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების  ფონზე, ვფიქრობთ ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლის და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე. ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია. შესაბამისად, იმედი გვაქვს დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით.