(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ლარის გამყარების გაგრძელების პროცესს

4 ივნ '21

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აღნიშნავენ ძალიან სასიხარულო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარების პროცესი და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გრძელდება. ამასთან, მიუხედავად ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარებისა, არაერთი ინდიკატორით ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს. 

როგორც ჩვენ ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ზრდის ინტერესს ბიზნეს აქტივობის კუთხით, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან და სხვა.

ამას გარდა, ლარის გამყარების პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობებებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს,  მათ შორის მოთოკავს მზარდ ინფლაციას, რაც ბოლო წლებში ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის საკმაოდ მწავე პრობლემად და გამოწვევად იქცა.

ასევე, ლარის გამყარებამ და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ლარისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა. ეს კი შექმნის ძლიერ მუხტს ბიზნესსა და ეკონომიკაში და უფრო ეფექტიანს გახდის ფისკალურ, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკას.

ლარის გამყარება და გაცვლითი კურსის სტაბილურობა ასევე ხელს შეუწყობს ლარიზაციის პროგრამის უფრო ეფექტიანად და ამ პროგრამის ბუნებრივად და წარმატებულად განხორციელების პროცესს.    

ზემოაღნიშულის ფონზე, ოპტიმიზმის საფუძველს ამყარებს ის გაუმჯობესებული განწყობები და პოზიტიური მოლოდინები, რაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებში აღინიშნება. ბიზნეს ასოციაცია კი თავის მხრივ, ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილს აერთიანებს და ძალიან კარგად გრძნობს, აღიქვამს და აფასებს ეკონომიკის მაჯისცემას.