(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები Platino Industria ფორუმზე საქართველოს, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილს წარმოადგენენ

17 სექ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ევროკავშირის „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში, გაემგზავრებიან ლათინო-ამერიკული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ,  Platino Industria Forum-ზე მადრიდში, რომელიც ყოველწლიურად იმართება და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უყრის თავს. ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ფორუმზე წარადგინონ საქართველო, როგორც კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილი და საკუთარი კომპანია, როგორც პოტენციური კინოგადაღების სასურველი ადგილობრივი პარტნიორი (სასტუმრო, რეგიონი, და ა.შ.).  

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზემოხსენებულ პროექტში მონაწილეობას ესპანურ ორგანიზაცია „ეგედასთან“ (EGEDA) თანამშრომლობით  მიიღებს, პროექტი კი გათვლილია ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის და მისი მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავება.

როგორც ცნობილია, პროექტი 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყება. მის ფარგლებში განსაზღვრულია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური შეხვედრები ესპანურ და ქართულ მონაწილე კომპანიებს შორის. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ ბიზნეს-კავშირები, გამართონ B2B შეხვედრები და დასახონ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოხარულია, რომ „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში, შეძლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში მოღვაწე ესპანური კომპანიების საქართველოში ჩამოყვანას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიების საკომუნიკაციო ქსელის კიდევ უფრო გაზრდისა და გაფართოებისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ახალი საინვესტიციო პროექტების და წინადადებების მოზიდვის კუთხით. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს კონკრეტულ სფეროებში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს უკეთ გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკებს და თავის მხრივ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. კიდევ ერთხელ მივესალმებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ეგედას“, ჩვენს ესპანელ პარტნიორს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და საინტერესო იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, პრიორიტეტი მიენიჭა კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ ქალი დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი, ჰყავთ 35 წლის და უფრო ახალგაზრდა დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი, ოპერირებენ რეგიონში. პროექტში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.