(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას  ე.წ. „ყვითელ დერეფანთან“ დაკავშირებული სიახლეები გააცნო

24 დეკ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებთან ვლადიმერ ხუნდაძესთან, ლევან წითელაშვილსა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან დისტანციური შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორს დეტალურად გააცნეს ე.წ. „ყვითელ დერეფანთან“ დაკავშირებით ამოქმედებული  სიახლეები. კერძოდ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც,  მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. საგულისხმოა, რომ უშუალოდ, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად მცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მხრიდან საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება ზოგადად, პოზიტიურ ნაბიჯად შეფასდა. ამავდროულად, გამოითქვა მოსაზრება, რომ პროცედურის კიდევ უფრო გასამარტივებლად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ყვითელ დერეფანში მოხვედრილი ტვირთების კუთვნილი იმპორტის გადასახდელების ჩათვლა/გაქვითვა ავტომატურად კომპანიის პირად ბარათზე არსებული ზედმეტობის ხარჯზე.  ზემოხსენებულთან დაკავშირებით, საკითხზე დეტალური მსჯელობის და ანალიზის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

შეხვედრაზე, ასევე, გაჟღერდა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ სიახლეებზე, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება, გულისხმობს წარმოშობის სერთიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოქცევას და შესაბამის დიჯიტალიზაციას, რაც  ბიზნესს კიდევ უფრო გაუმარტივებს პროცესების ადმინისტრირებას. მისი განხორციელება იგეგემება 2022 წლის იანვრიდან.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან. მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია ყვითელ დერეფანთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ასევე, საუბარი შეეხო საქონლის წარმოშობის სერთიფიკატების გაცემა-წარდგენის პროცედურების დაგეგმილ გაციფრულებას. ვფიქრობთ, ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანი სიახლეებია, რომელიც ბიზნესს აუცილებლად გაუმარტივებს პროცედურებს, ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებსა და ადმინისტრირების კუთხით მნიშვნელოვნად დაუზოგავს საოპერაციო დროს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.