(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: 2022 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას განაგრძობს

21 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოკითხული ბიზნესის 91% 2022 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს. გამოკითხული კომპანიების 59% აცხადებს, რომ 2022 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2021 წელთან შედარებით გაიზრდება, 32% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდებს, ხოლო კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 9% პროგნოზირებს.

ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2021 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2022 წლისთვის.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პოზიტიური განწყობა, ნაწილობრივ, 2021 წლის მზარდი ტენდენციის გაგრძელებაა. გასულ წელს, გამოკითხული კომპანიების 51%-მა გაზარდა ინვესტიციები, 42%-მა კი უცვლელ დონეზე შეინარჩუნა. საგულისხმოა, რომ 2022 წელთან შედარებით, 2021 წელს, გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 7%-მა შეამცირა ინვესტიციები.

 

კვლევის მიზნებისთვის გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა. 2021 წელს პანდემიის ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვნად განეიტრალდა ვაჭრობის, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში. მშენებლობის სექტორი ერთადერთი იყო, რომელმაც ძირითადად 2020 წლის დონეზე შეინარჩუნა ინვესტიციები 2021 წელს. თუმცა, მიმდინარე 2022 წელს, სხვა სექტორების მსგავსად, მშენებლობაშიც ინვესტიციების მხრივ პოზიტიური დინამიკაა მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო გეგმა ვაჭრობის სექტორს აქვს - გამოკითხული კომპანიების 73% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მომსახურების სექტორში - 56%, მრეწველობაში - 47%, ხოლო მშენებლობაში - 38% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის წლიურ ზრდას.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 14-28 თებერვლის მონაკვეთში, შესაბამისად, კვლევა სრულად ვერ ასახავს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა იქონია, გლობალურ და მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.