(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრის მთავარი საკითხი

16 ივლ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს გახდიდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც ღია დისკუსიის ფორმატში შესაძლებლობა ჰქონდათ ცვლილების პროექტთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, რაც მხარეების შეთანხმებით, გათვალისწინებული და ასახული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულ პროექტში.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაციის შედეგად, BAG-ის ინიციატივით, მოხდა ცვლილების პროექტის მომზადება, რათა სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესი გახდეს მეტად გამჭვირვალე, სამართლიანი და ობიექტური. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება წევრი კომპანიების ინტერესების დაცვა და შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა. მადლობას ვუხდით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია ყოველთვის მოიტანს პოზიტიურ შედეგებს, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.