BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი და ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდა
20 სექ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ II კვარტალთან შედარებით, გაზრდილია ასევე ბიზნესის მოლოდინის და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებლები 28.3 და 0.4 ქულებით შესაბამისად.
ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასება გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, თუმცა განსაკუთრებით პოზიტიური განწყობები ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, კერძოდ, ინდუსტრიაში გამოკითხული კომპანიების 57% გაყიდვების ზრდას მოელის 2024 წლის IV კვარტალში.
რაც შეეხება ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას, ყველაზე დადებითად მომსახურების სექტორმა შეაფასა, რაც დიდი ალბათობით, გაზრდილი გაყიდვებით არის განპირობებული. სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-მა მიმდინარე კვარტალში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.