საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევით შეგროვებული უპრეცედენტო მოცულობის თანხა 2008 წლის ომში დაღუპულთა ოთხასამდე ოჯახს გადაეცემა
20 სექ '11
20 სექტემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ დეტალები ჟურნალისტებს გააცნო.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. ვახშამს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა მიერ ქველმოქმედების სახით განხორციელებულმა შემოწირულობებმა 1,5 მილიონი ლარი შეადგინა. ამრიგად, ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი გახდა უპრეცედენტო მოცულობის საქველმოქმედო თანხის მოზიდვა.
ვსარგებლობთ რა შემთხვევით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ვახშმის გენერალურ სპონსორს საქართველოს ბანკს, პლატინის სპონსორს - რუსთავის აზოტს, ოქროს სპონსორებს - მადნეულსა და კვარციტს, ვერცხლის სპონსორს სილქროუდ ჯგუფს, ასევე ყველა იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში.
გასული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - მჭირდო თანამშრომლობით, მოახდინა ომში დაღუპულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ოჯახების წარმომადგენლების სრული სიის შედგენა და მათთან დაკავშირება."
დაღუპულთა ოჯახებისათვის ამ ეტაპზე იგეგმება ერთი მილიონი ლარის განაწილება. ფინანსურ დახმარებას ყველა ოჯახი თანაბრად მიიღებს. შესაბამისი ანგარიშების გახსნა უკვე დაწყებულია და საქველმოქმედო თანხების ამ ანგარიშებზე ჩარიცხვას ბიზნეს ასოციაცია მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყებს.
დარჩენილი თანხით წლის ბოლოსათვის საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს განახორციელებს, რომელიც ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებულებისათვის იქნება გათვალისწინებული, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი.