საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა მოეწყო
2 ივნ '10
2 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, საქართელოს ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენების წინაშე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის პრეზენტაციით წარსდგა.
შეხვედრა, რომელსაც ასზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ გახსნა; მისი განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია, ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მეშვეობით, უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან და ინტენსიურად აწვდიდა იმ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რაც ბიზნესმენებს ჰქონდათ არსებულ საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაში.
საქართელოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიზნესმენებს აქტიურობისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური ცვლილებები ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე ვერ განხორციელდება.
საგადასახადო კოდექსი ფაქტიურად თავიდან იქმნება, რადგანაც არსებული კოდექსის მუხლების თითქმის 90% იცვლება. პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ექსპერტები.
ახალი კოდექსი ბიზნესმენებს ბევრ რევოლუციურ ცვლილებას ჰპირდება, იგი შესაბამისობაშია OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სტანდარტებთან და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართული ბიზნესის განვითარებას.
მინისტრის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც დაახლოებით 285 მუხლისაგან შედგება, ძალაში სავარაუდოდ 2011 წლის იანვრიდან შევა; ამ დროის განმავლობაში მომზადდება შესაბამისი ცვლილებები და მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტები ახალ კოდექსთან შესაბამისობაში მოვა.
ძირითადი სიახლეები, რასაც ახალი კოდექსი გაითვალისწინებს, შემდეგში მდგომარეობს:
ა) საგადასახადო კოდექსში შემოდის მცირე ბიზნესის ცნება და ის პირები, რომელთა წლიური ბრუნვა ნაკლებია 30 000 ლარზე, თავისუფლდებიან გადასახადისაგან.
ბ) მეწარმეებისათვის, რომელთაც დაქირავებული ჰყავთ 10 ადამიანზე ნაკლები და მათი ბრუნვა არ აღემატება დღგ-თი დაბეგვრის ზღვარს, გათალისწინებულია ბრუნვის გადასახადი და ამით მნიშვნელოვნად უმცირდებათ ის ხარჯები, რაც საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
გ) ახალი კოდექსი ითვალისწინებს ისეთ სიახლეს, როგორიცაა წამახალისებელი ნორმები, მაგალითად ბრუნვის გადასახადი უნახევრდება იმ მცირე მეწარმეს, რომელსაც საქონლის მინიმუმ 60%-ზე ექნება სათანადო დოკუმენტაცია.
დ) კოდექსში ცალკე თავი ეძღვნება გადამხდელთა უფლებების დაცვას და გათვალისწინებულია ახალი ინსტიტუტის - საგადასახადო ომბუდსმენის შემოღება, რომელიც გადამხდელთა უფლებების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ე) საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, იგეგმება რისკების მართვის სისტემის დანერგვა (ისე, როგორც ეს ამჟამად საბაჟოზეა) და ყველა გადამხდელს ექნება უფლება იცოდეს მისი შემოწმების მიზეზი.
ვ) მნიშვნელოვანი ინოვაციაა ე.წ. „Advance Tax Ruling (ATR)" სისტემის დანერგვა, რაც მიმართულია საგადასახადო ნორმების განმარტებისას ორაზროვნების და ორმაგი წაკითხვის წინააღმდეგ.
ATR ითვალისწინებს გადამხდელის უფლებას, მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ამ შემთხვევაში ვალდებული იქნება, განუმარტოს მას ნორმა და ამ განმარტებას სავალდებულო ძალა ექნება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ურთიერთობაში.
ზ) მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს მისცემს ბიზნესს სიახლე, რომლის მიხედვითაც, ნაცვლად ყოველთვიურისა, პრაქტიკაში დაინერგება დეკლარირების კვარტალური სისტემა (გარდა საშემოსავლო გადასახადისა);
თ) იცვლება უკან დაბრუნების მექანიზმი და თუ მეწარმე საწინაღმდეგოს არ მოითხოვს, უკან დაბრუნება განხორციელდება ავტომატურად (საწყის ეტაპზე ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთაც დანერგილი აქვთ დეკლარირების ელექტრონული სისტემა);
ი) მნიშვნელოვნად მარტივდება გასაჩივრების პროცედურები საგადასახადო დავებზე.
კ) ბაზრობებზე დასაქმებული მცირე მეწარმეებისათვის, ახალ კოდექს შემოაქვს სპეციალური სავაჭრო ზონის ცნება და საგადასახადო აგენტის ფუნქცია დაეკისრება ბაზრობის ადმინისტრაციას, რის შედეგადაც მოვაჭრეები გათავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოსთან ურთერთობის ტვირთისაგან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ახალ საგადასახადო კოდექსში პრაქტიკულად აღარ იქნება ბუნდოვანი მუხლები, რითაც თავიდან იქნება აცილებული ორმაგი წაკითხვის პრობლემა; ინერგება „გონივრული ადმინისტრირების" სისტემა და ამ მიზნით კოდექსში იგეგმება კეთილსინდისიერი გადამხდელის ცნების შემოღება; შესაბამისი კომპანიების მიმართ საგადასახადო ინსპექციებს ექნებათ მაღალი დისკრეცია გარკვეული შეღავათების (ვადების მხრივ) გასაწევად.
ფინანსთა მინისტრმა შესთავაზა ბიზნესმენებს, ერთობლივად, დეტალურად განიხილონ კოდექსის პროექტი და ამ მიზნით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ბაზაზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს ექნება საშუალება გამოთქვას საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები ახალ კოდექსთან დაკავშირებით.