(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი წარუდგინა

10 მარ '11

10 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი - ჯაბა ებანოიძე წარადგინა.
ახალ პოსტზე დანიშვნამდე ჯაბა ებანოიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახლდათ. როგორც წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, „ახალი უფროსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება იქნება. შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი ცხაკაიას დროს საგადასახადო სისტემაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ახალი უფროსის დროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრირება გაუმჯობესდება მისი შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით. გვინდა, ადმინისტრირება ბიზნესს დამატებით ტვირთად არ აწვებოდეს და ბიზნესმენი საგადასახადო ინსპექციაში რისკს კი არა, პარტნიორს ხედავდეს ."
შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსის, ჯაბა ებანოიძის განცხადებით, შემოსავლების სამსახურში დაწყებული რეფორმები გაგრძელდება; საგადასახადო სამსახურის მუშაობა იქნება რეგლამენტირებული და უწყებაში შემუშავდება სპეციალური სტანდარტები და მიდგომები, რათა ბიზნესის თვალში საგადასახადო უწყების მუშაობა იყოს სამართლიანი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ დადებითად შეაფასა შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჯაბა ებანოიძის წარდგინება და აღნიშნა, რომ „შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე ჯაბა ებანოიძის დანიშვნა არის სწორი. ბიზნესისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ურთიერთობა წარმატებულად შედგება. განვითარების სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა მიდგომაა საჭირო და ალბათ მოვიდა დრო, როდესაც ბიზნესთან ურთიერთობაში ახალი მიდგომები უნდა განხორციელდეს. როდესაც ცხაკაია შემოსავლების სამსაუხრის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, მას საკმაოდ მძიმე მეურნეობა დახვდა. ბიზნესი ამ მიდგომებისთვის მზად არ იყო. თუმცა მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ახლა ახალი მიდგომებია საჭირო და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესთან მიმართებაში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება".
შეხვედრის მეორე ნაწილში ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებთან იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებიც ცვლილებების სახით საგადასახადო კოდექსში სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ჰპოვებენ ასახვას. საუბარი შეეხო ბიზნესისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ბუნებრივი და/ან ტექნიკური დანაკარგების აღიარება საგადასახადო ადმინისტრირების მიზნებისათვის, რომელიც მინისტრის დაპირებით უახლოეს მომავალში დარეგულირდება და სახელმწიფო ბიზნესს ამ მხრივ სრულიად ახალ და თანამედროვე მიდგომას შესთავაზებს.