(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვაში ჩაერთო

22 ივნ '10

22 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ახალი საგადასახადო კოდექსის პირველი მოსმენა გამართა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ასოციაციის წევრები და ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით ფინანსთა მინისტრი წარსდგა, რომელმაც ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითად პრინციპებზე და სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, მთავარი, რასაც ამ კოდექსის მიღება ისახავს მიზნად, არის სანდოობის ამაღლება საგადასახადო ორგანოებისადმი და საგადასახადო ადმინისტრირების გაადვილება, კორუფციასთან ბრძოლა, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება და ბიზნესის ლეგალიზების ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კოდექსით ხდება ცალკეული ნორმების ორმაგად წაკითხვის თავიდან აცილება და წინასწარი გადაწყვეტილებების მექანიზმების დანერგვა. მინისტრის განცხადებით, კოდექსი ევროდირექტივებთან შესაბამისობაშია და არაერთ სიახლეს ითვალისწინებს.

განხილვაზე განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმან, რომ ფისკალური ეფექტის მისაღებად იზრდება რიგი გადასახადების ოდენობა, ასე მაგალითად, იზრდება აქციზის ღირებულება ალკოჰოლურ სასმელებზე და საგადასახადო ტვირთი უმძიმდებათ მობილურ ოპერატორებს. გარდა აღნიშნულისა, ახალი კოდექსით გათვალისწინებულია დამატებითი ღირებულების გადასახადით განათლების დაბეგვრა.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიახლეების დიდი ნაწილი ახალ საგადასახადო კოდექსში ასოაციაციასა და ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხვდა, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია და ბიზნესის ჩართულობა აღნიშნულ პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ შენიშვნები საგადასახადო კოდექსის პროექტის მიმართ ბიზნესს კვლავაც საკმაოდ აქვს და ამ საკითხებზე თანამშრომლობა ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ინტენსიურად გაგრძელდება.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო მიესალმება ბიზნესის მაქსიმალურ ჩართულობას მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის განხილვაში და მადლობა გადაუხადა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისათის.