ბიზნესმენები ქართულ ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ
21 ივნ '10
21 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი, ვახტანგ ლეჟავა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე ბიზნესმენებს შეხვდნენ და არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები და პრობლემები განიხილეს.
პრემიერის მრჩევლი ბიზნესმენების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილა არსებული ვითარება და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები. მისი განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სექტორში ბევრად უკეთესი ვითარებაა და იგრძნობა ცალკეული დარგების მკვეთრი გამოცოცხლება (სამშენებლო ბიზნესი, ვაჭრობა, საბანკო სფერო). მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას განსხვავებული გათვლები ჰქონდა, არსებულ რეალობიდან გამოიკვეთა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 4-5% იქნება. წლის განმავლობაში ასევე გაიზარდა საგარეო ვალიც, თუმცა უკვე მომდევნო წლიდან იგეგმება მისი გეგმაზომიერი შემცირება. ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს დაწყებული რეფორმების გაგრძელებაზე და პრიორიტეტად კვლავაც რჩება რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში და ამ მიზნით ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „თავისუფლების აქტზე", რომლის მიღებასაც უკვე მიმდინარე წელს ვარაუდობენ და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ თავად ევროპასა და აშშ-ში ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც საკმაოდ არასტაბილურია, რაც თავისთავად ჰპოვებს ასახვას ქართულ ეკონომიკაზე.
ბიზნესმენებს თავისი მოსაზრებები გააცნო კახა ბენდუქიძემ. მისი შეფასებით, ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება უნდა იყოს და ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეკონომიკაზე უარყოფით ასახვას ჰპოვებს ასევე ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული, ზოგიერთი გადასახადის ზრდა. როგორც ბატონმა ბენდუქიძემ განაცხადა, მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკის ზრდის ტემპთან, თუმცა ეს საკმარისი არაა და უკეთესი იქნებოდა თუ მთავრობა ხარჯებსაც ეტაპობრივად შეამცირებდა.
შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეაჯამა. მისი განცხადებით, ბიზნესი კარგად აცნობიერებს შექმნილ მდგომარეობას და გაგებით ეკიდება მთავრობის ნაბიჯებს, მიმართულს ეკონომიკის ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისაკენ. ამასთანავე, მეტად მნიშვნელოვანია რომ ბიზნესი იყოს რეფორმების პროცესის თანამონაწილე, რაც თავისთავად გულისხმობს ნდობის არსებობას და პრობლემების საერთო ძალისხმევით გადაჭრას.