(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

3 ივნ '10

3 ივნისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი გუნდი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პერ ეკლუნდს შეხვდნენ.

შეხვედრა ბიზნეს ლანჩის ფორმატში წარიმართა და მასზე საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე, საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სტუმარს ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მიაწოდა; როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, ასოციაცია ასევე აქტიურადაა ჩართული  შრომის კანონმდებლობის დახვეწის და ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესებში.

ბატონი ეკლუნდის განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით და მიესალმება ქვეყნის სწრაფვას ევროინტეგრაციისაკენ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ამ ეტაპზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაა.

ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის სისტემაში შესასვლელად, საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვს დასაკმაყოფილებელი, მათ შორის არის ანტიმონოპოლიური  და შრომის კანონმდებლობის დახვეწა, პროდუქციის ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციების განხილვა, რაც დაკავშირებულია საქართელოს შრომის კოდექსთან. ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდოარემ, ლაშა ახალაძემ, სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი სამმხრივი კომისიის საქმიანობის შესახებ, რომელიც დამსაქმებელთა ასოციაციასა და პროფკავშირებთან ერთად, აქტიურად მუშაობს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მიმოიხილა.

როგორც მან აღნიშნა, ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან და ჩართულია ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავების პროცესში.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, განვითარების ამ ეტაპზე საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვა; ამ მიზნისათვის კი, ჯანსაღ საგადასახადო გარემოსთან ერთად, აუცილებელია თავისუფალი სასამართლოს არსებობა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.