საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID ეკონომიკური განვითარების ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა
1 ივნ '10
1 ივნისს სქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე და ასოციაციის წარმომადგენლები აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური გავითარების ოფისის დირექტორს, დაგლას ბალკოს და პროექტის მენეჯერს, რევაზ ორმოცაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას ბიზნეს ასოციაციასა და USAID-ს შორის.
USAID-ის ეკონომიკური აღორძინების პროგრამა საქართველოში ითვალისწინებს ინსტიტუციური და ინტელექტუალური სიმძლავრის განვითარებას როგორც სახელმწიფო სააგენტოებში, ასევე კერძო სექტორში. პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, გაფართოვდეს კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, გაძლიერდეს ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები, შეიქმნას ნორმალურად ფუნქციონირებადი მიწის ბაზარი, გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის წარმადობა, გაიზარდოს შერჩეულ ბიზნეს სექტორებს შორის კონკურენცია და გაფართოვდეს ეკონომიკური შესაძლებლობები სოფლად.
დაგლას ბალკოს განცხადებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 45 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოების განხორციელება კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრექტების განსახორციელებლად. ამ მიმართულებით კი ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობა მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც ასოციაციაში არსებული რესურსები და გამოცდილება ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებას.
ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის მიზნების, საქმიანობის ფორმების და მიმართულებების შესახებ. საუბარი შეეხო ასევე ასოციაციის სამომავლო გეგმებს, რაც ითვალისწინებს კიდევ უფრო გააქტიურებას სოფლის მეურნეობის განვითარების და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოციაციის კომიტეტების საქმიანობას და მათ მჭიდრო თანამშრომლობას დარგობრივ სამთავრობო დაწესებულებებთან.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ასოციაციის საქმიანობამ კერძო საპენსიო სისტემის რეფორმის მხარდაჭერის, საგადასახადო კოდექსის და შრომის კანონმდებლობის სრულყოფის მიმართულებით.