(+995 32) 2 202-215

სიახლეები

BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების დინამიკა კვლავაც ნარჩუნდება

17 მარ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა 2022 წლის I კვარტალშიც შენარჩუნებულია. გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მიმდინარე წლის 14-28 თებერვლის მონაკვეთში მიიღეს მონაწილეობა, შესაბამისად, გამოკითხვა სრულად ვერ ასახავს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალურ და, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე იქონია.

პანდემიის პირველი ტალღის მწვავე ნეგატიური ეფექტის შენელების შემდეგ, 2020 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობის უარყოფითი შეფასებების ფონზე, ბიზნესის საერთო მოლოდინი დადებითი იყო. თუმცა, პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ნელი ტემპებით უმჯობესდებოდა. საგულისხმოა, რომ ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობა დადებითად მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევარში შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ  2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, რადგან არც ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი და არც ბიზნესის  მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი საგრძნობლად არ შეცვლილა. მოლოდინის მცირედი გაუმჯობესების პარალელურად, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა, თუმცა უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის შემდეგ პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

 

საგულისხმოა, რომ სექტორულად განსხვავებული მდგომარეობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის I კვარტალში, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია, ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში ეს მაჩვენებელი 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით გაუარესებულია. აღნიშნული კლება ვაჭრობის სექტორში - გაუარესებულმა მოლოდინებმა, ხოლო მრეწველობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად,  ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესდა მშენებლობის სექტორშიც. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 38%-ში შემცირებული გაყიდვებით.

შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.