(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

16 აგვ '21

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ აუცილებლობასა და საჭიროებაზე, რაც მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართვას გულისხმობს, რადგანაც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების სწრაფი აღდგენა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობასთან.

„დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ კოვიდპანდემიამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული ბიზნესი, რომელმაც გაიღო დანაკარგები, მათ შორის, ზოგიერთმა კომპანიამ კოლოსალური ზარალის გამო, სამწუხაროდ, საერთოდ შეწყვიტა საქმიანობა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის ბოლო 2021 წლის მე-2 კვარტლის კვლევის შედეგების თანახმად, დასაქმების ბიზნეს კლიმატი და ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ჯერ კიდევ დაბალია პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებული განჭვრეტადობა, რაც ბიზნესის აქტიურობის ზრდის უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია. 

ამასთან, ყველაზე დიდ და ფასდაუდებელ დანაკარგს ისევ და ისევ წარმოადგენს ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე - ეს ის დანაკარგია, რომელსაც უკან ვეღარასოდეს დავიბრუნებთ და რომელმაც უზარმაზარი ტკივილი უკვე მიაყენა ათასობით ოჯახს, რომელთაც ოჯახის საყვარელი წევრი დაკარგეს. 

აღნიშნული კი იმას გულისხმობს, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ერთმანეთისა და ქვეყნის მომავლის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა კი ნიშნავს იმას, რომ გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენი ახლობელი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. 

ცხადია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით მივესალმებით ვაქცინაციის იმ მაღალ ტემპს, რაც ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება. თუმცაღა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მაღალია საზოგადოების ერთი ნაწილის სკეპტიციზმი, რაც ვაქცინაციის ტემპების კიდევ მეტად გაზრდის უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია.

 ამიტომაც თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა ერთობლივად დავძლიოთ ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ამ ნაწილში არსებული უნდობლობა. უნდა ავუხსნათ ერთმანეთს, რომ თუკი არსებობს თუნდაც ერთი პროცენტი შანსი იმისა, რომ ვაქცინა იხსნის ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა თუ ახლობლების სიცოცხლეს, მაშინ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და ყველაფერი გავაკეთოთ პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბების შესამცირებლად.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოუწოდებს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და ყველა მოქალაქეს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეკონომიკის აღდგენასა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენას სხვა ალტერნატიული გზა არ გააჩნია.“