(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს“  - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

15 ნოემ '22

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წარადგინა მხარდაჭერის სქემის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და ვადები.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სქემით პროექტების შემუშავება განხორციელდება საჯარო და კერძო კანონმდებლობის შესაბამისად. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შერჩევის კომისიას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგობრივი უწყებებისა და წარმომადგენლებისგან. ასევე შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საბანკო გარანტიები და აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები.

აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ყურადღების გამახვილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო. ასევე საგულისხმოა, რომ პროგრამის ელემენტები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებში დაინტერესებულმა მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის წარმოდგენილ ახალ სქემაზე.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებისა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე. მოხარულნი ვართ, რომ მინისტრი თავად დაესწრო წარდგენას განახლებადი ენერგიის ახალი სქემის წარდგენას, რომელიც ბიზნეს სექტორს მისცემს საშუალებას ეფექტიანად განახორციელონ ენერგეტიკული პროექტები, ვინაიდან ზემოხსენებული სქემა ცალსახად არის ბიზნესის მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური გზავნილია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.