საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „Meliora 2024“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
9 თებ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2024”-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, Meliora–ს საორგანიზაციო გუნდის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ ბიზნეს კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები დეტალურად გააცნეს. BAG-ის წევრ კომპანიებს მიეწოდათ ინფორმაცია Meliora 2024-ის კატეგორიებსა და ქვეთემებზე, ასევე შეხვედრისას დეტალურად განიხილეს საკონკურსო განაცხადების შევსების ინსტრუქცია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, ნებისმიერი ზომის კომპანიას, ნებისმიერი რაოდენობის ინვესტირებული თანხებით განხორციელებული პროექტით. ამ მიდგომით კონკურსი ხაზს უსვამს, რომ არა მხოლოდ მსხვილ, არამედ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსაც შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ გარემოსა და საზოგადოებას. მათ შეუძლიათ დანერგონ საკუთარი საქმიანობის სფეროებისა და მასშტაბების შესაბამისი პასუხისმგებელი ბიზნეს მიდგომები.
ლელა ხოფერია თქმით, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელია, „მეექვსე წელია, რაც კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყაროა. 2018-2022 წლებში საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 120-მა კომპანიამ 300-მდე პროექტით. წლების მანძილზე Meliora -ს ჰყავდა 30-ზე მეტი მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კონკურსის დაფუძნების დღიდან მისი აქტიური და ქმედითი მხარდამჭერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ქართული ბიზნესკომპანიების წარმატებისა და წინსვლისთვის“.
Meliora 2024 მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა, განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
„Meliora არის ეროვნული მასშტაბის წამოწყება, რომლის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია, ასევე კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნესსაქმიანობის პრინციპები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის, მივესალმებით ყველა ასეთ შესაძლებლობას და მზად ვართ აქტიური პარტნიორული ურთიერთობებისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში წელს უკვე მეხუთედ ატარებს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora.