(+995 32) 2 202-215

სიახლეები

არბიტრაჟის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმა წარმატებით დასრულდა

1 აპრ '15

მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებისა და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის.
2013 წლის აპრილში ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, ბიზნეს და პროფესიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხერხდა იმ  საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას აფერხებდნენ.
საქართელოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით  მოამზადა და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა შესაბამისი ცვლილებების პაკეტი.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების წყალობით დაზუსტდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები; შემცირდა სახელმწიფო ბაჟი არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე; დაიხვეწა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არეგულირებს არბიტრის სტატუსს, პასუხისმგებლობას,  არბიტრაჟისა და სასამართლოს ურთიერთობას, უზრუნველყოფს არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი სასამართლო სისტემის „მეგობრულ დამოკიდებულებას" და სხვა.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს უკვე გააჩნია არბიტრაჟის მარეგულირებელი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რისთვისაც მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, სამუშაო პროცესში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და პროფესიონალს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს საკანონმდებლო პაკეტის მომზადებასა და დახვეწაში.