(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილა

13 აგვ '14

მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სამინისტროს პასუხისმგებელი პირები დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების პროექტის განსახილველად ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტებს და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები იყო, რომელიც საგადასახადო კოდექსში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის, ბიზნესის, ადგილობრივი და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ინიციატივები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომელთა ნაწილიც უკვე საშემოდგომო სესიაზე იქნება ინიცირებული პარლამენტში. როგორც შეხვედრის დასრულებისას ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა - „ჩვენ ასოციაციის სახელით, რომელიც 70-მდე კომპანიას აერთიანებს, ინტენსიურად ვმუშაობდით იმ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც დღეს უკვე გაჟღერებულია და მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობს ნებისმიერ კომპანიას საკუთარი ბიზნესის განვითარებაში". ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის შეფასებით „საგადასახადო ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაახლოებით ორი წელია ვმუშაობთ. თითქმის ყველა ჩვენი რეკომენდაცია ბიზნესისთვის დამაკმაყოფილებლად გადაწყდა. არ მახსენდება პერიოდი, როცა ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო ორგანოს ამგვარი მიდგომა ჰქონოდა ბიზნესისადმი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მოვუწოდებ ბიზნესმენებს, შემოგვიერთდნენ დააყენონ მთავრობის წინაშე მათთვის პრობლემური საკითხები და აგერ ფაქტი სახეზეა, ჩვენ სახელმწიფოს დახმარებით მივაღწიეთ აღნიშნულ საგადასახადო ცვლილებებს". შეგახსენებთ, რომ ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტი, ზურაბ ლალაზაშვილის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ახლო მომავალში კიდევ არაერთი, ბიზნესისათვის სასიკეთო ცვლილებაა მოსალოდნელი შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში.