საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრას უმასპინძლა
4 ივნ '12
4 ივნისს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს კონკურენტული უპირატესობა ინვესტიციების მოზიდვის პროცესში, ეკონომიკის სტრუქურა და ტენდენციები, ფისკალური გარემო, საბანკო და საფინანსო სექტორების მდგომარეობა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებული მაჩვენებელი დაახლოებით ექვსი პროცენტია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - აღნიშნული ზრდა ეხება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს, სექტორს. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ე.წ. "Hub Economy"-ს მოდელისაკენ. სახელმწიფო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ქმნის სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს როგორც წარმოების, ასევე სერვისის მიმართულებით. განხორციელების პროცესში მყოფი პროექტებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. "აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი" და ენერგოინფრასტრუქტურაა, რომელთა წარმატებით დასრულებაზეც ბევრადაა დამოკიდებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ცალკეულ რეგიონებში (მაგალითად კახეთში) ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანწილად განახლებას, რაც შესაბამის რეგიონში გაზრდის მოთხოვნას სხვადასხვა სერვისებზე. ქართული ეკონომიკისათვის უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ძლიერ, მასტიმულირებელ ფაქტორად განიხილება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. აღნიშნული მიმართულებით სერიოზული გარდატეხა უვე 2013 წლისთვისაა მოსალოდნელი. დაწყებულია ტექნიკური, მოსამზადებელი სამუშაოები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
შეხვედრის დასასრულს ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია მათთვის საინტერესო, ცალკეულ საკითხებზე და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრათ.