„კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ახალი ეპოქის დასაწყისია“ - რას ელოდება ბიზნესი?
29 დეკ '23
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ახალი ეპოქის დასაწყისია. „ეს არ არის, უბრალოდ, ქვეყნის მორიგი წარმატება“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
„მიხარია, რომ როგორც ქართველი, მოვესწარი ამ პერიოდს - მიზანს, რომელიც საქართველოში ჩვენს წინა თაობებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ, ძალიან ახლოს მივუახლოვდით. რა ფასი აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? - ბიზნესისა და ეკონომიკის პრიზმიდან ვისაუბრებ, რაც ჩვენი სფეროა.
BAG-ში გავაანალიზეთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა, რომელთაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, რამდენიმე წელიწადში გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ავიღოთ ბულგარეთი - ის ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ სიმდიდრის დონით ყველაზე ღარიბია ევროკავშირში. ბულგარეთი კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 6 წელიწადში გახდა EU-ის წევრი. ამ დროის განმავლობაში, ბულგარეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 8-ჯერ გაიზარდა; ექსპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა 23%-ით; გაიზარდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი - 2000 წელს ბულგარეთის საკრედიტო რეიტინგი იყო B+, ხოლო 2006 წელს სარეიტინგო კომპანია S&P-მ ბულგარეთს BBB+ მიანიჭა. შესაბამისად, ამ 6-წლიან პერიოდში, სახაზინო ობლიგაციებზე გადასახდელმა საპროცენტო განაკვეთმა 7.4%-დან 4.4%-მდე დაიწია.
აქვე საინტერესოა ისიც, რომ 2007 წლის 1 იანვარს, როდესაც ბულგარეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ერთ სულ მოსახლეზე მშპ იყო $5800; საქართველოში კი, რომელიც ჯერ მხოლოდ კანდიდატი ქვეყანაა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8 145 აშშ დოლარია ანუ ამ მაჩვენებლით ჩვენ ბულგარეთზე წინ ვართ.
კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ - რუმინეთი; ის ასევე 2007 წლის 1 იანვარს გახდა EU-ის წევრი და მაშინ მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 8200 აშშ დოლარი, ანუ იდენტური ნიშნული, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს.საინტერესოა, რა ხდება დღეს - რუმინეთში ეს მაჩვენებელი 18 000 აშშ დოლარს შეადგენს, ბულგარეთში კი - 16 000 აშშ დოლარს ანუ საქართველოზე 2-ჯერ მეტს. აი აქეთ მიდის ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და იქვე დასძინა, რომ ბენეფიტებს, რომელსაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანს, მოქალაქეების ნაწილი 6 თვეში იგრძნობს, ნაწილი - ერთ წელიწადში, ზოგიც - ორ წელიწადში და ა.შ.
BAG-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ყველა ზომის ბიზნესში პოზიტიური მოლოდინები და განწყობები გააჩინა.
„ყველას განწყობა და საერთო პათოსი პოზიტიურია - ყველა გრძნობს, რომ ათვლის რაღაც ახალი წერტილი იწყება. როგორც წესი, ბიზნესი კეთდება მაშინ, როდესაც არსებობს პოზიტიური მოლოდინები და განწყობები. ბიზნესი ეწევა ინვესტიციებს, ასაქმებს ადამიანებს და სხვა, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებელი - ეს არის ბიზნესში ანბანური ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ფინანსური და ბიზნეს გეგმები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიზნესის საკეთებლად უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია დადებითი განწყობები და პოზიტიური მოლოდინები. წარმატების მოლოდინი რაც უფრო მაღალი გაქვს და მეტად დარწმუნებული ხარ ამაში, უფრო მეტ ინვესტიციას დებ და მომავალს სხვა თვალით უყურებ“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფასს უფრო ფართო განზომილებაში, BAG-ის პრეზიდენტმა უსაფრთხოების მეტი განცდა და საერთაშორისო იმიჯის ამაღლება გამოყო.
„რას მოიტანს კანდიდატის სტატუსი? პირველი - ეს არის ქვეყნის უფრო მეტი უსაფრთხოება. ჩვენ ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოელ ინვესტორებთან, ერთ-ერთი მთავარი და პირველი შეკითხვა იყო რეგიონული პრობლემები და რა პასუხი უნდა ჰქონდეს ასეთ დროს ბიზნესმენს?! გასაგებია, რომ მაქსიმალურად დელიკატურად და პროფესიულად უზიარებ შენს პოზიციას ამ კუთხითაც, მაგრამ ის, რომ რეგიონი არაა უსაფრთხო, სამწუხაროდ, ეს ნათელია, როგორც 2X2-ი. 14 დეკემბრიდან კი, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, სიტუაცია კარდინალურად იცვლება და ამას მალე კარგად ვიგრძნობთ. გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პარამეტრები, გაიზრდება ქვეყნისადმი ნდობა და შესაბამისად მოიმატებს ქვეყნის იმიჯი.
ეს კი რას ნიშნავს - კომპანიებს უფრო მეტი საშუალება უჩნდებათ მოიზიდონ ინვესტიციები; კერძო სუბიექტებს უფრო მეტი წვდომა ექნებათ კაპიტალის ბაზრებზე, რაც უფრო მეტი პროექტის განხორციელების, ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ითარგმნება იმაში, რომ გაძლიერებული და ფეხზე მყარად მდგარი ბიზნესი არა მხოლოდ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, არამედ თანდათანობით ახერხებს ხელფასების დონის შემდგომ ზრდას, რომელიც ბოლო ორი წელია, მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მსურს, რომ ის კიდევ გაიზარდოს. მაღალმსყიდველუნარიანი მოსახლეობა ნიშნავს გაზრდილ შიდა მოხმარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი სუსტია, ვერ იქნება მაღალი ხელფასები და თუ ბიზნესი განვითარებულია და ძლიერად დგას ფეხზე, ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და უფრო მაღალია ხელფასები, რაც მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლების საფუძველია“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.