"ბიზნესი მიდის იქ, სადაც სტაბილური გარემო და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებაა - ეს ევროკავშირია"
29 დეკ '23
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოტენციურ ბენეფიტებზე ვრცლად ისაუბრა.
„უნდა ველოდოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას - წარმოიდგინეთ, დღეიდან, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წვდომა გვაქვს ევროკავშირის დიდ ბაზართან, ვიდრე გუშინ გვქონდა ანუ სტატუსის მინიჭებამდე.
მაგალითად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში, ყოველწლიურად 23%-ით იზრდებოდა“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.
„წერტილის“ წამყვანის რეპლიკას - „მნიშვნელოვანია, ქართულმა ბიზნესმაც იაქტიუროს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისთვის და მაქსიმალურად შეამციროს ვაჭრობა რუსეთთან“ – BAG-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ წლიდან წლამდე ბიზნესი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას ზრდის, თუმცა ჯერ კიდევ ფაქტია, რომ რუსეთი ქართული პროდუქციისთვის კარგი ბაზარია, მაგრამ მისი როლი კლებულობს.
„დამიჯერეთ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე გასვლა და ბიზნესიც იქითკენ წავა, სადაც ბიზნესის წარმართვისთვის უფრო კარგი, სტაბილური და პროგნოზირებადი პირობებია და ასეთი პირობები ევროკავშირშია. ბიზნესმენებს გააჩნიათ ინსტინქტები; ისინი ყოველთვის ეძებენ სწორ ადგილს და სწორ დროს. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირში საქართველოსთვის და გულახდილად ვიტყვი, ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური - ვინც იაქტიურებს და ევროკავშირისკენ იმოძრავებს, ის ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს, კომპანიას, დამფუძნებლებს და ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.