საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს!
31 დეკ '23
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ქართული ბიზნესის დიდი ოჯახი, გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებულ საქმიანობასა და ახალ მიღწევებს!
2023 წელი ისტორიულად მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ქვეყნისა და ბიზნეს სექტორისთვის. გაუმჯობესებულმა მაკროეკონომიკურმა გარემომ დადებითი ზეგავლენა მოახდინა კომპანიების ფინანსურ შედეგებზე, რაც ბიზნესისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების საწინდარია.
წლის ბოლოსთვის კი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებამ მნიშვნელოვნად დაგვაახლოვა იმ არჩევანთან, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გააკეთა. არჩევანთან, რომელსაც ევროპული ღირებულებები და ფასეულობები ჰქვია.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, მუდმივად მონაწილეობდა ბიზნეს სექტორთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვებსა და დისკუსიებში. სამომავლოდაც, ბუნებრივია, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან აქტიურ და პროფესიულ მუშაობას. ამ პროცესში ყოველთვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ბიზნეს სექტორის ობიექტური და ლეგიტიმური ინტერესები.
სასიხარულოა, რომ 2024 წელს ბიზნესი პოზიტიური მოლოდინებითა და განწყობებით ხვდება. ასეთი განწყობების ფონზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკური დოვლათისა და კეთილდღეობის წელი სრულიად საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის თითოეული ოჯახისათვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნვას წევრი კომპანიების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის.
2023 წელს საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შემოუერთდა 30-მდე ახალი კომპანია, რაც ხაზს უსვამს ჩვენს სიძლიერეს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ წევრებთან ერთად დაუღალავი შრომითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს წევრ კომპანიებს ნდობის, ერთგულებისა და ერთად გაწეული შრომისთვის, ვინაიდან სწორედ თქვენ ქმნით იმ დიდ ერთობას, რასაც BAG ჰქვია. ასევე, მადლობას ვუხდით ხელისუფლებას მთელი წლის განმავლობაში ნაყოფიერი, პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
იმედს გამოვთქვამთ, რომ 2024 წელი იქნება წარმატებული და სიკეთის მომტანი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესსექტორისა და მასში დასაქმებული ადამიანებისთვის.
კიდევ ერთხელ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს ბიზნესს სექტორს და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, კეთილდღეობასა და ახალ მიღწევებს პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე!