ნარჩენების მართვის და მგვ ორგანიზაციების საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრის საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს
10 ნოემ '23
ნარჩენების მართვასა და მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების სპეციფიკური საქმიანობის დღგ-ით დაბეგვრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრისას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
შეხვედრაზე განიხილეს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ადგენს მგვ ორგანიზაციებისათვის გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, როგორიცაა საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები, საავტომობილო ზეთები, გადაცემის შემთხვევაში მათი ჩამოწერის წესებს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პროექტი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა, ასევე, გამოითქვა გარკვეული წინადადებები, რომლის პროექტში გათვალისწინება, გააუმჯობესებს ორგანიზაციებისათვის მსგავსი ფასეულობების გადაცემას. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტი გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით დაკორექტირდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მგვ ორგანიზაციების სავალდებულო სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის საბოლოოდ გადაჭრის მიზნით გაგრძელდება მგვ ორგანიზაციებსა და ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის ზემოხსენებულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უშუალო მხარდაჭერით გაიმართა მნიშვნელოვანი სამმხრივი შეხვედრა, კერძოდ წარმოდგენილნი იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის და მგვ ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის ფარგლებში, განვიხილეთ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად შექმნილი მგვ ორგანიზაციებისათვის გადაცემული იმ მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესი, რომელიც ე.წ. „სახიფათო ნარჩენად“ კვალიფიცირდება და დღესდღეობით ასეთი ნარჩენის ჩამოწერა და კანონმდებლობის სრული დაცვით მისი განადგურება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე, ვისაუბრეთ ამ ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებებსა და სახელმწიფოს მხრიდან დავინახეთ საკითხების დარეგულირების მზაობა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია გარემოს დაცვის მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.