საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა
17 სექ '24
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები. კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და ინვესტიციების კვლევა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები.
აქვე კონფერენციის მსვლელობისას, ისაუბრეს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე. კერძოდ კი, კვლევის შედეგების შესაბამისად, კვლავ აქტუალურ საკითხად და ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის ნაკლებობა, რაზეც პანელურ დისკუსიაშიც გაგრძელდა მსჯელობა და მასში აქტიურად იყო ჩართული ვიცე პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საქართველოს განათლების მინისტრი, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორი და BAG-ის პრეზიდენტი. პანელურ დისკუსიაში, ასევე, იმსჯელეს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, პროფესიული განათლების საჭიროებაზე, ტურიზმზე, საცხოვრებელ უძრავ ქონებასა და FMCG-ი სექტორებზე.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან პარტნიორობითა და გალტ & თაგარტის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, რომლის მკვლევარებმა ევა ბოჭორიშვილმა და კახა სამყურაშვილმა შეხვედრაზე სწრაფად მზარდი ოთხი სექტორის პერსპექტივები მიმოიხილეს და დამსწრე საზოგადოებას ბოლო კვლევის შედეგები გააცნეს.
„დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ასევე ვისაუბრეთ 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის მონაცემებზე, რომელიც გავაცანით, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ბიზნეს სექტორს.
მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.