(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ქართული რძის პროდუქტების“ კომპანია გაწევრიანდა

3 აპრ '24

„ქართული რძის პროდუქტები“ 2004 წელს დაარსდა და წარმატების 20 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქციას აწარმოებს ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით, ხოლო ნედლი რძით, ძირითადად, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „ნედლეულის ხარისხი და ბუნებრივად მინიჭებული საგემოვნო თვისებები განაპირობებს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის განსაკუთრებულობას“. კომპანიის მიერ წარმოებული რძის ნატურალური  პროდუქტები აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.

კომპანია თავად უზრუნველყოფს პერსონალის გადამზადებას, როგორც შიდა და გარე სწავლებით და შესაბამისი ინსტრუქციებით, ასევე მიზნობრივი ტრენინგებით.

კომპანიაში მუდმივად ხდება დანადგარების განახლება, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით.

გასული წლის ოქტომბერში „ქართული რძის პროდუქტებმა" ახალი საწარმო გახსნა, სადაც მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. კომპანიამ განახორციელა 1 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია. გაიზარდა საწარმოს მოცულობა  და ქარხანას დაემატა სასაწყობე ფართები, რის საფუძველზეც საწარმო პრაქტიკულად სრულად განახლდა.

მომხმარებლებს მაწვნის, რძის, ხაჭოს, არაჟნისა და სვანურის შეძენა შეუძლიათ ქსელურ მარკეტებში: Carrefour, Fresco, Spar, 2 ნაბიჯი, ნიკორა, უნივერსამი, ზღაპარი, მაგნიტი, დეილი, გვირილა და სხვა.

„ქართული რძის პროდუქტები" ეტაპობრივად გეგმავს ახალი სახის პროდუქტების დამატებას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას.

„მივესალმებით „ქართული რძის პროდუქტების“ კომპანიას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, „რძისამე“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე და ცდილობს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქტები. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება ხარისხიანი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მოხარულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სარგებლიანი და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.