(+995 32) 2 202-215

სიახლეები

კომპანია „არსი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

18 მარ '24

„არსი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი დეველოპერული კომპანია, რომელიც 1989 წელს დაარსდა და მისი ისტორია უკვე 35 წელს ითვლის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. არქიტექტურულმა კომპანიამ 1992 წლიდან დაიწყო ბინათმშენებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში „არსის“ მიერ არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

2013 წლიდან ,,არსი“ ესტონურ კომპანია ,,FIRST TELECOM TRADING“-თან ერთად იწყებს განსხვავებული კონცეფციის პროექტების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რაც გულისხმობს არა ცალკეული სახლების, არამედ ურბანული საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ქართულ-ესტონური ჯგუფის პირველი წარმატებული პროექტი „შენი სახლი ჯიქიაზე“ იყო, სადაც  5.5 ჰექტარზე ახალი საცხოვრებელი უბანია განაშენიანებული. კომპლექსი მოიცავს 28 საცხოვრებელ სახლს, კომერციულ ფართებს, სარეკრეაციო და საზოგადოებრივ სივრცეებს. აღნიშნული კომპლექსი დღეს თბილისში საცხოვრებლად ერთ-ერთ მიმზიდველ ლოკაციად ითვლება, სადაც დაახლოებით 3,500 ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი კონცეფციით კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტებია: „შენი სახლი კიკვიძის ბაღთან“, „შენი სახლი სამგორში“, „შენი სახლი ლისზე“, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“.

კომპანიას 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენებული და დასრულებული აქვს ჯამში 55 საცხოვრებელი სახლი, რომელთა  საერთო მოცულობა 275,000 კვ.მ-ია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი თანხა - 60 მლნ-ზე მეტია.

„მივესალმებით კომპანია „არსის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „არსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც უმსხვილესი პროექტები განახორციელა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანია წარმატებით ახორციელებს თავის მიზანს და ქმნის საუკეთესო საცხოვრებელ გარემოს, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და მომხმარებლის ინტერესები. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო უკეთ შევძლებთ ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებასა და შესაბამისად, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.